რამდენად ბევრი ყავა უნდა დავლიოთ?

ყავასთან დაკავშირებით ბევრი მითი არსებობს — ხშირ შემთხვევაში, ნეგატიური… ხშირად და ბევრი ამბობს, რომ ყავა მავნებელია გულისთვის და ზოგადად ჯანმრთელობისთვის. თუმცა, მეცნიერები გვირჩევენ, 2022 წლიდან კიდევ უფრო მეტი ყავა დავლიოთ!

როგორც კვლევები მოწმობს, ამ თითქმის ყველასათვის საყვარელ სასმელს ბევრი მყისიერი თუ გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს ჩვენთვის. სტატიაში რამდენიმე მეცნიერულ დასკვნას წარმოგიდგენთ:

  • 2018 წელს ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 500 000 ზრდასრული ბრიტანელი მონაწილეობდა, ცხადყო, რომ ყავის მსმელები 10-15%-ით ნაკლებად იღუპებიან სხვადასხვა მიზეზით. კვლევის ავტორების აზრით, ყავა 1000-ზე მეტ ქიმიურ ნაერთს შეიცავს, მათ შორის, ანტიოქსიდანტებს, რომლებიც უჯრედებს დაზიანებისგან იცავს.
  • 2017 წელს ამერიკის გულის ასოციაციის და კოლორადოს მედიცინის სკოლის მიერ დაფინანსებულმა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ყოველი დამატებითი ფინჯანი ყავის დალევა გულის უკმარისობის ან ინსულტის რისკს 8%-ით ამცირებს.
  • სტენფორდის უნივერსიტეტის მცირე კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც კოფეინიან ყავას სვამენ უფრო დიდხანს ცოცხლობენ. შესაძლოა, ეს იმიტომ ხდება, რომ კოფეინი ბუნებრივ ანთებას ეწინააღმდეგება. ეს კი, თავის მხრივ, ყველა არაგადამდები დაავადების 90 პროცენტთან ასოცირდება.
  • ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის კიდევ ერთმა კვლევამ, რომელშიც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში 200 000 ექიმი და ექთანი მონაწილეობდა, ყავის მოხმარებასა და გულის დაავადებების, ინსულტის, დიაბეტისა და ნევროლოგიური დაავადებებისგან სიკვდილის რისკს შორის კავშირი აღმოაჩინეს. უფრო მეტიც, ყავის ხშირი მოხმარება თვითმკვლელობის სურვილის დონესაც ამცირებს.
  • დაბოლოს, 10-წლიანი კვლევა აჩვენებს, რომ ყოველდღიურად ოთხი ფინჯანი ყავის დალევა, შესაძლოა, ჯანსაღი დიეტის ნაწილი იყოს.

მოკლედ რომ ვთქვათ, შეგვიძლია, მსგავსი კვლევების ჩამონათვალს კიდევ ბევრი მაგალითი დავუმატოთ. თუმცა ამ შემთხვევაში ერთ-ერთ უახლეს კვლევაზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც მოკლევადიან სარგებელსაც გვთავაზობს — განწყობის გაუმჯობესებას. როგორც აღმოჩნდა, ყოველ ოთხ საათში ერთხელ ფინჯანი ყავის დალევა (დაახლოებით, 75 მილიგრამი კოფეინის შემცველი) მთელი დღის განმავლობაში აუმჯობესებს განწყობას.

აქვე გაფრთხილება — მნიშვნელოვანია, 5 ჭიქაზე გაჩერდეთ. სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის დაახლოებით 350 000 ყავის მომხმარებელზე ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამაზე მეტი ყავის დალევამ შეიძლება, გულის დაავადებების რისკი გაზარდოს.

“ჩვენი მონაცემებით, ექვსი ფინჯანი გარდამტეხი ზღვარი იყო, როდესაც კოფეინმა გულ-სისხლძარღვთა კუთხით უარყოფითი მოქმედება დაიწყო” — განმარტავენ მკვლევრები.

წყარო: marketer.ge

ასევე იხილეთ

ვსწავლობთ თანამოსაუბრის აზრების ,,წაკითხვას” მისი ჟესტების მიხედვით

ვსწავლობთ თანამოსაუბრის აზრების ,,წაკითხვას” მისი ჟესტების მიხედვით

ფსიქოლოგებმა უკვე დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ადამიანის ნამდვილი აზრები და გრძნობები შეგიძლია ამოვიცნოთ მისი არავერბალური …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.