რატომ ვიყენებთ სიმძლავრის გასაზომად ცხენის ძალას?

ალბათ, ყველას გსმენიათ ცხენის ძალის შესახებ, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ავტომობილები უყვარს, რადგან ამ უკანასკნელთა სიმძლავრე სწორედ აღნიშნული ერთეულით იზომება. შეიძლება, ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ თავად ცხენს 1 ცხენის ძალა აქვს, რაც ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა.

გაგიკვირდებათ და ზემოხსენებული ცხოველის მაქსიმალური სიმძლავრე საშუალოდ 15 ცხენის ძალას შეადგენს, ჩვენი კი დაახლოებით 1-ს. შესაბამისად, უფრო ზუსტი “ადამიანის ძალა” იქნებოდა.

მაშ, საიდან მოდის ეს რეალობასთან შეუსაბამო საზომი?

ის 1700-იან წლებში შოტლანდიელმა გამომგონებელმა, ჯეიმს ვატმა დაამკვიდრა, რომელმაც სახელი მის მიერ შექმნილი ორთქლის მანქანებით გაითქვა. ამ სისტემების უპირატესობების საჩვენებლად და მათთვის რეკლამის გასაკეთებლად, მეცნიერს სურდა, ისინი ყველასთვის ნაცნობ რამესთან შეედარებინა. შედეგად კი არჩევანი ცხენზე შეაჩერა.

ფოტო: Getty Images

ვატმა საკუთარი დაკვირვებით (და არა სათანადო მეცნიერული კვლევებით) გამოთვალა, რომ მუშა ცხენს წისქვილის ბორბლის დატრიალება საათში 144-ჯერ შეეძლო. აქედან გამომდინარე, მან ივარაუდა, რომ ეს ძუძუმწოვარი ადგილიდან წუთში 32,572 გირვანქას, ანუ 14,774.41 კილოგრამს დაძრავდა, რომელიც 33 000-მდე დაამრგვალა (14,968.55 კგ). ამგვარად დაიბადა ახალი საზომი — ცხენის ძალა.

მისი სიზუსტე გამომგონებელს, ისევე, როგორც კლიენტებს, დიდად არ აინტერესებდათ, ამიტომ ეს ერთეული დღემდე შემორჩა. მაგრამ ახლა, როცა ყველაფერი ვიცით, რატომ არ ვცვლით მას?

პასუხს ლინგვისტიკისკენ მივყავართ.

რადგან ენა მუდმივად იცვლება და ჩვენი ცოდნაც იზრდება, ბევრი ტერმინი გვრჩება, რომელიც, ამჟამინდელი გადასახედიდან, აზრს მოკლებულია. გამონაკლისი არც საზომი ერთეულებია, რადგან მათი ნაწილი მცდარ ვარაუდებს ეფუძნება. ასეთია “ცხენის ძალაც”, რომელმაც ამდენ საუკუნეს გაუძლო, რაც კულტურული მნიშვნელობის წყალობით მოახერხა.

“ადრეულ მე-19 საუკუნეში ცხენები ინდუსტრიული ენერგიის ყველაზე აშკარა წყარო რომ არ ყოფილიყვნენ, ეს ტერმინი ასეთი პოპულარული, ალბათ, არ იქნებოდა”, — აცხადებს ვინჩესტერის უნივერსიტეტში მომუშავე ლინგვისტი, ერიკ ლეისი.

მისი აზრით, “ცხენის ძალის” ნაცვლად “ადამიანის ძალის” გამოყენება უფრო მართებულია, რადგან სათქმელს სწორად გადმოსცემს, ამიტომ, როგორც ენის სპეციალისტი, მსგავს შესწორებას მიესალმება.

ასევე იხილეთ

ვსწავლობთ თანამოსაუბრის აზრების ,,წაკითხვას” მისი ჟესტების მიხედვით

ვსწავლობთ თანამოსაუბრის აზრების ,,წაკითხვას” მისი ჟესტების მიხედვით

ფსიქოლოგებმა უკვე დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ადამიანის ნამდვილი აზრები და გრძნობები შეგიძლია ამოვიცნოთ მისი არავერბალური …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.