ყველაზე ცივი ადგილი დედამიწაზე

თუ ზამთრის დადგომისთანავე აუტანელ სიცივეებზე წუწუნებთ და გაზაფხულის დადგომამდე რადიატორს არ სცილდებით, ეს წერილი თქვენთვისაა. ჩვენ გიამბობთ დასახლებაზე, სადაც – 25 გრადუსიანი ყინვა თბილ ამინდად მიაჩნიათ და -50 გრადუსზე შვილები სკოლაში მიჰყავთ. 

ოიმიაკონი, რუსეთი (Оймякон/Oimyakon) – აქ დაფიქსირებულია ყველაზე დაბალი ტემპერატურა დედამიწაზე:

მინუს 71,2°C!

ოიმიაკონი რუსეთში მდებარეობს, აქ 500-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და მსოფლიოში ყველაზე ცივ დასახლებულ ადგილად ითვლება.

ზამთარში ოიმიაკონში საშუალო ტემპერატურა მინუს 50 გრადუსს აღწევს, 1924 წელს კი – 71 გრადუსიც კი დაფიქსირდა.

ანომალიური სიცივეების მიზეზი დასახლების გეოგრაფიულ მდებარეობაა – ის მდინარის ხეობაშია გაშნებული, სადაც ღამით მთებიდან ცივი და მძიმე ჰაერი ეშვება.

დასახლებაში ზაფხული სამი თვე გრძელდება, მაგრამ ტემპერატურა ძალიან მერყეობს: დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურამ შეიძლება იყოს + 30 გრადუსს მიაღწიოს, მაგრამ ღამით ჰაერი მინუსამდე ეცემა.

ოიმიაკონში მინუს 25 გრადუსი თბილ ამინდად მიიჩნევა! ადამიანებს სიცივესთან ადაპტაციაში ის ფაქტი ეხმარება, რომ აქ ქარი არასოდეს უბერავს. ადგილობრივები ამბობენ, რომ აქ ცხოვრება ურჩევნიათ და არა იქ, სადაც ზამთარი უფრო ზომიერი, მაგრამ ნესტიანი და ნოტიოა.

მოსახლეობის ოპტიმიზმის მიუხედავად, ასეთ სიცივეში ბავშვის საბავშვო ბაღში ან სკოლაში წაყვანა და მაღაზიაში პროდუქტებზე წასვლა მძიმე გამოცდაა, ამიტომ ოიმიაკონელები ცდილობენ, ზამთარში ქუჩაში იშვიათად გავიდნენ.

სხვათა შორის, სიცივეების მიუხედავად, სკოლა – 50 გრადუსზეც კი მუშაობს და ბავშვებს გაცდენის უფლება არ აქვთ.

რა აცვიათ ოიმიაკონელებს

მსოფლიოს ყველაზე ცივი დასახლების მცხოვრებლებს ზამთარში სქელი, ნატურალური ბეწვის ქურქები და ჩექმები აცვიათ და თავზე ასევე ნატურალური ბეწვის ქუდები ახურავთ. კანი რომ ყინვისგან არ დაუსკდეთ, მთელ სახეზე შარფი აქვთ შემოხვეული. ხელოვნური ბეწვი ასეთ გამოცდას ვერ უძლებს – ყინვისგან ის, ფაქტობრივად, იშლება და მოხმარებისთვის გამოუსადეგარი ხდება.

კვება

ბუნებრივია, მუდმივი ყინვის პირობებში სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანა შეუძლებელია, ამიტომ ადგილობრივები, ძირითადად, ცილოვან საკვებს მიირთმევენ. ოიმიაკონელების მენიუ, უმეტესად, ხორცისა და თევზის წვნიანებისგან შედგება. სხვათა შორის, ასეთ კლიმატში ადგილობრივ მოსახლეობას მაცივრები არ სჭირდება, რადგან ყველაფერს აივნებზე ინახავენ.

შინაური ცხოველები

ოიმიაკონის მოსახლეობას მსხვილფეხა საქონელი ჰყავს, მაგრამ ცდილობენ, ყინვაში გარეთ არ გაუშვან. ქუჩაში მხოლოდ ბეწვშემოხვეულ იაკუტურ ცხენებს და ძაღლებს შეხვდებით. ადგილობრივები ძროხებს ჯიქნებზე სპეციალურ შალითებს უკეთებენ, რომ არ გაეყინოთ.

კომუნალური მომსახურება

ოიმიაკონს სითბოთი ადგილობრივი, ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგური უზრუნველყოფს. ყველაზე უარესი, რაც შეიძლება შორეულ ჩრდილოეთში მოხდეს, ელექტროენერგიის გათიშვაა. თუ ასეთი რამ მოხდა, ოიმიაკონის ყველა მცხოვრები ქუჩაში გამოდის და ცდილობს, სოფლისთვის ყველაზე საჭირო შენობები – საბავშვო ბაღი, ერთადერთი მაღაზია და სასადილო ღია ცეცხლით ან სათბურებით გაათბოს. საბედნიეროდ, ასეთი რამ იშვიათად ხდება.

ტრანსპორტი

იაკუტსკიდან ოიმიაკონამდე მისასვლელად ორი გზა არსებობს – ავტომობილი ან საჰაერო გზა. აქ თვითმფრინავები მხოლოდ წლის ყველაზე თბილ დროს, ზაფხულში დაფრინავენ, თანაც მხოლოდ კვირაში ერთხელ. გარე სამყაროსთან კავშირი, ძირითადად, საგზაო ტრანსპორტით ხორციელდება.

შორეულ ჩრდილოეთში ავტომობილებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. მძღოლები ძრავასა და ელექტრობას გაყინვისგან სპეციალური შალითებით იცავენ. ავტოტრანსპორტის გაჩერება მხოლოდ ცენტრალური გათბობით აღჭურვილ ავტოფარეხშია შესაძლებელი. თუ ავტომობილს ღია ცის ქვეშ დატოვებთ, აკუმულატორი მყისიერად გაიყინება და მანქანის დაქოქვას ვეღარ შეძლებთ.

შორ მანძილზე მოძრავი სატვირთოები ოიმიაკონში ძრავებს, ფაქტობრივად, თვეების მანძილზე არ თიშავენ – იაკუტსკის რეგიონში ბენზინგასამართი სადგურების უმრავლესობა 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

მუდმივად მომუშავე მანქანის ძრავები, ადამიანების სუნთქვა და სამრეწველო საწარმოებიდან მომავალი ორთქლი ქმნის მკვრივ „ფარდას“, რომელიც იაკუტსკს წლის ყველაზე ცივ დროს ფარავს. ზოგჯერ ეს „ფარდა“ იმდენად სქელია, რომ ათი ნაბიჯის მანძილზე არაფერი ჩანს.

ქუჩაში ყოფნის დროს ჯიბიდან მობილური ტელეფონის ამოღებას არ გირჩევთ, რადგან მყისიერად ყინულის ნაჭრად იქცევა.

დაავადება და სიკვდილიანობა

დაუჯერებელია, მაგრამ ასეთ ექსტრემალურ სიცივეებში ადამიანები არასოდეს ცივდებიან – ვირუსები და ბაქტერიები უბრალოდ, იყინება. ოიმიაკონში სხეულის ნაწილები შესაძლოა, მოგეყინოთ, მაგრამ გაციება არ გემუქრებათ, სამაგიეროდ, თბილ კლიმატში მოხვედრილი ოიმიაკონელი მუდმივად ცივდება.

მკაცრი კლიმატი ადამიანის სხეულისთვის დიდი გამოცდაა, ამიტომ შორეული ჩრდილოეთის მცხოვრებთა შორის ხანდაზმულები თითქმის არ არიან. ამაში ექსტრემალური ტემპერატურის გარდა, დამნაშავეა ვიტამინების დეფიციტი და ერთფეროვანი მენიუ. მარადიული ზამთარი ადამიანის სიცოცხლის დასაწყისზეც და დასასრულზეც მოქმედებს – გაყინული მიწის გათხრა შეუძლებელია, ამიტომ თუ სოფლის მკვიდრი კვდება, ადგილობრივები მიწას კოცონებით ათბობენ.

რას ფიქრობენ ოიმიაკონელები ადგილობრივები კლიმატზე?

შორეულ ჩრდილოეთში შემოდგომა წლის ყველაზე სევდიანი დროა – ხანმოკლე ზაფხული დასრულდა და წინ გრძელი და ძალიან ცივი ზამთარია. ბოლო დროს მდიდარი იაკუტიელები ზამთრის თბილ ადგილებში გატარებას არჩევენ – მაგალითად, არსებობს პირდაპირი საჰაერო ხაზი იაკუტსკსა და ბანგკოკს შორის. ოიმიაკონელები გამოსაზამთრებლად თბილ ქვეყნებში მიფრინავენ, მათ ადგილას კი ტურისტები ჩამოდიან – უცნაურია, მაგრამ ოიმიაკონი სიცივის მოყვარულ ტურისტებში ძალიან პოპულარული ადგილია.

როგორ მოქმედებს სიცივე ადამიანის სხეულზე?

მინუს 5°C – ასეთი ყინვა ადამიანს უფრო ამხნევებს, ვიდრე პრობლემებს უქმნის – თბილი პალტო, ქუდი, შარფი და თავს თბილად და კომფორტულად იგრძნობთ.

მინუს 20° – ამ დროს უკვე ცხვირის ლორწოვანი გარსი გაყინვას იწყებს, ხოლო ცივი ჰაერი ცხვირ-ხახას წვავს.

მინუს 35°C – არსებობს კანის ღია ნაწილების მოყინვის საფრთხე.

მინუს 45°C – სათვალის ლითონის ჩარჩო ცხვირს ეყინება და მისი მოხსნა კანთან ერთად მოგიწევთ. და კიდევ, ასეთ ყინვაში ტანსაცმლის გარეშე გარეთ გასული ადამიანი 1 წუთში სასიკვდილოდ იყინება.

ასევე იხილეთ

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში

როგორი იქნება პირველი სასტუმრო კოსმოსში

თუ პანდემიის დროს სახლში დარჩენილნი მომავალ მოგზაურობაზე ოცნებობთ და საკუთარ თავს ბალიზე, ან მალდივებზე, სულაც …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.