10 სარგებელი, რომელიც ჯანსაღ სექსუალურ ცხოვრებას მოაქვს

სექსუალობასა და სექსუალურ ცხოვრებაზე საუბარი ბევრისთვის კვლავ იწვევს უხერხულობის შეგრძნებას, რის გამოც, მათ ხშირად არაზუსტი, არასწორი ან არასაკმარისი ცოდნა აქვთ. საკითხებზე, რომლებიც ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, ინფორმაციას უმეტესწილად მეგობრებისგან ან სხვა ნაკლებად კომპეტენტური ადამიანებისგან იღებენ, ამიტომაც სექსის შესახებ ბევრი მითი არსებობს. ადამიანების ნაწილმა კი ჯერ კიდევ არ იცის იმ არაერთი სარგებლის შესახებ, რომელიც ჯანსაღ, უსაფრთხო სექსუალურ ცხოვრებას მოაქვს.

1. აუმჯობესებს იმუნურ სისტემას

“სექსუალურად აქტიური ადამიანების ავადმყოფობა უფრო ცოტა ხანს გრძელდება”, — ამბობს აივონ კ. ფულბრაითი, სქესობრივი ჯანმრთელობის ექსპერტი.

პენსილვანიაში, უილკსის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ზრდასრულ სტუდენტებს, რომლებსაც სექსი კვირაში ერთხელ ან ორჯერ ჰქონდათ, გარკვეული ანტისხეულების უფრო დიდი რაოდენობა აღმოაჩნდათ, ვიდრე მათ, ვისაც სქესობრივი კავშირი უფრო იშვიათად ჰქონდა.

თუმცა, იმუნური სისტემის გაუმჯობესებისათვის, ცხადია, სხვა ფაქტორებიც მნიშვნელოვანია. სწორი კვებისა და ძილის რეჟიმი, ცხოვრების აქტიური წესი, ვაქცინაცია და, რა თქმა უნდა, კონდომის გამოყენება შესაბამის შემთხვევაში.

2. აუმჯობესებს ლიბიდოს

აქტიური სექსუალური ცხოვრება, რასაკვირველია, ლიბიდოს ზრდის. შესაბამისად, ყოველი მომდევნო სქესობრივი კავშირი წინაზე უკეთესია. ამასთან, ადამიანებში, ვისაც ვაგინა აქვს, იზრდება ვაგინალური ლუბრიკაცია, უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ელასტიკურობა.

3. ადამიანებში, ვისაც ვაგინა აქვს, უმჯობესდება შარდის შეკავების უნარი

მენჯის მიმდებარე კუნთების სიძლიერე შარდის შეუკავებლობის თავიდან აცილებისთვის მნიშვნელოვანია. ინკონტინენცია კი იმ ადამიანების 30 პროცენტში, ვისაც ვაგინა აქვს, ცხოვრების რაღაც ეტაპზე მაინც იჩენს თავს.

აქტიური სექსუალური ცხოვრება მენჯის მიმდებარე კუნთებს ავითარებს; ორგაზმის დროს ეს კუნთები იკუმშება, შესაბამისად, უფრო ძლიერდება.

4. არეგულირებს სისხლის წნევას

მედიცინის დოქტორის, ჯოზეფ ჯ. პინზოუნის თქმით, კვლევები სექსსა და სისხლის დაბალ წნევას შორის კავშირზე მიუთითებს.

“ამ საკითხზე ბევრი კვლევა ჩატარებულა”, — აღნიშნავს იგი, — “ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევა კი მიუთითებს, რომ სქესობრივი ურთიერთობა (არა მასტურბაცია) სისხლის სისტოლურ წნევას ამცირებს”.

5. ერთგვარი ვარჯიშია

“სექსი ვარჯიშის ერთ-ერთი არაჩვეულებრივი ფორმაა”, — აცხადებს პინზოუნი.

ცხადია, ეს სარბენ ბილიკს, ან სხვა სავარჯიშო მოწყობილობას ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა, შედეგები მაინც განმაცვიფრებელია.

სექსის შედეგად, ყოველ წუთში 5 კალორია იწვება. ამასთან, რამდენიმე კუნთი აქტიურად ვარჯიშდება.

“როგორც ვარჯიშის შემთხვევაში, განგრძობითობა მიღებულ სარგებელს ზრდის”, — დასძენს პინზოუნი.

6. ამცირებს გულის დაავადებების რისკს

ჯანსაღ სექსუალურ ცხოვრებას წესრიგში მოჰყავს შესაბამისი ჰორმონების, ესტროგენისა და ტესტოსტერონის, რაოდენობაც.

“როცა ერთ-ერთი მათგანის რაოდენობა იკლებს, ბევრმა პრობლემამ შეიძლება თავი იჩინოს, მათ შორის, ოსტეოპოროზმა და გულის დაავადებებმაც კი”, — ხსნის პინზოუნი.

აქტიური სექსუალური ცხოვრება ამ ყველაფრის პრევენციის ერთ-ერთი გზაა. კვლევის მიხედვით, კაცებში, რომლებსაც სექსი კვირაში ორჯერ მაინც ჰქონდათ, გულის დაავადებით გარდაცვალების რისკის ორჯერ ნაკლები იყო, ვიდრე იმ კაცებში, ვისაც სექსი უფრო იშვიათად ჰქონდა.

7. ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს

“ორგაზმი ტკივილს აცხრობს”, — ამბობს ნიუ-ჯერსის უნივერსიტეტის პროფესორი, ბარი რ. კომისარუკი, — “ის ათავისუფლებს ჰორმონს, რომელიც ტკივილს ამსუბუქებს”.

თუმცა, მსგავსი ეფექტი აქვს სტიმულაციასაც.

“ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ვაგინალური სტიმულაცია ზურგისა და ფეხის ქრონიკულ ტკივილს ამსუბუქებს, ზოგმა კი გვითხრა, რომ გენიტალური სტიმულაცია მენსტრუალურ, ართრიტის და რიგ შემთხვევაში თავის ტკივილსაც კი შველოდა”, — დასძენს კომისარუკი.

8. პროსტატის კიბოს პრევენციასაც შეიძლება შეუწყოს ხელი

ამერიკის მედიკოსთა ასოციაციის სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ადამიანებში, რომლებიც თვეში 21-ჯერ მაინც ეაკულირებდნენ, პროსტატის კიბოს განვითარების ნაკლები რისკი იყო.

სხვათა შორის, ეაკულაციაში ამ შემთხვევაში მხოლოდ სქესობრივი კავშირი არ მოიაზრება. მასთან ერთად ითვლება მასტურბაციაც.

თუმცა, კვლევაში აღნიშნული არ არის, იყო თუ არა დაავადების განვითარების პრევენციის ერთადერთი მიზეზი სექსი. ამაზე, შესაძლოა, ბევრი ფაქტორი ახდენდეს გავლენას.

9. აუმჯობესებს ძილს

როგორც აღმოჩნდა, სექსის შემდეგ უფრო ადვილად შეიძლება ჩაგეძინოთ.

“ორგაზმის შემდეგ, ჰორმონი პროლაქტინი თავისუფლდება, რომელიც მოდუნებასა და ძილმორევაზეა პასუხისმგებელი”, — ამბობს მედიცინის დოქტორი, შინი ამბარდარი.

10. ამსუბუქებს სტრესს

როგორც ამბარდარი აღნიშნავს, შეხება და ჩახუტება სხეულში ბუნებრივად ათავისუფლებს “ბედნიერების ჰორმონებს”. შესაბამისად, პარტნიორთან სიახლოვე შფოთვასა და სტრესსაც ამსუბუქებს.

სექსმა და სიახლოვემ შეიძლება ასევე გაზარდოს ბედნიერების შეგრძნება და თვითშეფასება.

ასევე იხილეთ

ანალური სექსის წესები

ანალური სექსის წესები

ანალური სექსი ტაბუირებული თემა აღარ არის და მასზე საუბარს უკვე ღიადაც აგრძელებენ.მაგრამ მაინც ამ ტიპის …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.